ადიგენის მერად გოჩა ქიმაძის არჩევამდე, ხუთი თვით ადრე, მისი ძმა ჯემალ ქიმაძე ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორად დანიშნეს. თუმცა, ქიმაძეს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ააიპ-ის დირექტორის პოზიციაზე ძმა არ შეუცვლია, -კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, სამ თვეში, ადიგენის მერიამ ააიპ-ის დირექტორის, ჯემალ ქიმაძის შვილს 7 პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა 103,829 ლარზე. მანამდე ორი წლის განმავლობაში ჯუმბერ ქიმაძეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მხოლოდ ორი პირდაპირი შესყიდვა ჰქონდა მიღებული 9,949 ლარის ოდენობით.
ჩვენი რედაქცია მხარეებთან დაკავშირებას ვცდილობთ, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით, დაუშვებელია, რომ თანამდებობის პირის სამსახურეობრივი ზედამხედველობის ქვეშ მისი ახლო ნათესავი იმყოფებოდეს, თუ ის კონკურსის წესით არ არის დანიშნული. ააიპ-ის დირექტორს კი მერი ნიშნავს განუსაზღვრელი ვადით და თავის მხრივ, დირექტორი მერთანაა ანგარიშვალდებული,”- ნათქვამია კვლევაში.