რა ბედი ელის ადიგენში მუსლიმთა სამლოცველოს  – 5 საათიანი მოლაპარაკების შედეგი

March 12, 2024

ადიგენში, წერეთლის 18-ში, კერძო სახლში არსებული მუსლიმური სალოცავის და მედრესეს გადატანა ადიგენის სოფელ იჯარეთში იგეგმება, – მხარეებს შორის 5 საათიანი მოლაპარაკება დასრულდა. 

რა ხდება ადიგენში – პროტესტი

როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა გვითხრეს, მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ერთი კვირის განმავლობაში, დოკუმენტურად მოაგვარებს მუსლიმთა სამმართველოსთვის 50 000 ლარის გადარიცხვის საკითხს, რომლითაც, სავარაუდოდ სოფელ იჯარეთში იყიდიან სახლს, ან ახალს ააშენებენ, სადაც სამლოცველო და მედრესე მოეწყობა. 

შეხვედრას ესწრებოდა, ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ტარიელ ნაკაიძე. მისი თქმით, “ცხარე დისკუსიის შედეგად იმ შეთანხმებამდე მივიდნენ, რომელიც საკითხს პრაქტიკულად საბოლოო შედეგამდე მიიყვანს.“

“შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა, მივმართავ მხარეებს, თავი შევიკავოთ, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის,” – გვეუბნება მერაბ მიქელაძე, იმ სახლის მფლობელი, რომელშიც დროებითი სალოცავი და მედრესე იყო. 

შეხვედრას ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი, მამუკა ვაშაყმაძე, რომელმაც შეხვედრა ისე დატოვა რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ადიგენი: სიჩუმე ხმაურის შემდეგ

აქვე გეტყვით, რომ ადიგენში, 8 მარტს, წერეთლის 18-ის მიმდებარედ მოსახლეობა შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ისინი აცხადებდნენ, კერძო სახლში მუსლიმთა სამლოცველოს გახსნას აპროტესტებდნენ.

მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რისი გადაღების შესაძლებლობაც ჩვენს რედაქციას არ მიეცა, რადგან ადგილზე მყოფ ერთადერთ ჟურნალისტს პოლიციამ საკუთარი საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა და იმ ადგილამდე არ მიუშვა, სადაც სასულიერო პირები და მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. 

მოგვიანებით, გავრცელდა სადავო შენობიდან გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ რა ტერმინოლოგიითა და როგორი ფორმით უპირისპირდება ზარზმის წინამძღვარი სავარაუდოდ მერაბ მიქელაძეს.

მუსლიმებსა და ქრისტიანებს ადიგენში თანაცხოვრების ხანგრძლივი ისტორია აქვთ, თუმცა რელიგიური მოტივებით ლოკალურ კონფლიქტებსაც ჰქონდა ადგილი. ხმაურიანი იყო 2013 წელს ადიგენში მინარეთის დადგმის საკითხზე დაწყებული დაპირისპირება, რაც საბოლოოდ მართლმადიდებლური ეკლესიისა და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი ძალისხმევით მოგვარდა და მინარეთი სოფელ ჭელაში საბოლოოდ დადგეს.

თემაზე მუშაობას განვაგრძობთ…

ამავე თემაზე: