ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთა უფლების დარღვევის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განზრახ ჭიანურდება, – ამის შესახებ, საუბარია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ახალ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები და პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაცია მძიმე დანაშაულზე მიუთითებს. ამის მიუხედავად კი – პროკურატურა რამდენიმე ყოფილ ბენეფიციარს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს.
“აღსაზრდელების მიმართ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ფიზიკური დასჯის მეთოდებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ძალადობას და ეს ქმედებები ცალკეულ შემთხვევაში ინტენსივობით არასათანადო მოპყრობასაც კი უტოლდებოდა,” – ნათქვამია ანგარიშში.
რატომ გაჭიანურდა საგამოძიებო მოქმედებები? – საქართველოს პროკურატურაში გვეუბნებიან, რომ მოიკითხავენ.
აქვე გეტყვით, რომ ნინოწმინდის საბავშვო პანსიონში სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე ომბუდსმენის არაერთ ანგარიშში იყო საუბარი და დაწესებულებაში წლების განმავლობაში შესვლა ეზღუდებოდათ სახალხო დამცველის აპარატის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მას შემდეგ რაც საკითხით მედია დაინტერესდა, 2021 წელს, პანსიონის ხელმძღვანელი შეიცვალა, ბენეფიციარების უმეტესმა ნაწილმა დაწესებულება დატოვა. ომბუდსმენის ცნობით, ამ ეტაპზე პანსიონში მხოლოდ 9 აღსაზრდელი იმყოფება.