„ანტონ ობოლაშვილი მმართველობით ფუნქციაში არ ერევა – ჩვენ საკუთარი გუნდი გვყავს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს,“ – ასე გვპასუხობს ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შვილობილი კომპანია, „ველ ჰაუს დეველოპმენტი“, მათი კუთვნილი ფართის ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსთვის გაქირავების საკითხზე.
“ფართი გასაქირავებლად განთავსდა სპეციალურ სოციალურ პლატფორმებზე – დაგვიკავშირდა უწყება ფართის ქირაობაზე და შეთანხმდნენ,” – გვეუბნებიან კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
კომპანიაში არ გვეუბნებიან თუ რამდენად მიაქირავეს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს ფართი და ამბობენ, რომ “გასაიდუმლოებულია.”
ის, რომ ცენტრალური შემსყიდველი ორგანო „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შენობაში 3 წლით გადადის, ინფორმაცია TV პირველმა გაავრცელა.
ანტონ ობოლაშვილი გვეუბნება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და კომპანიის მენეჯმენტთან გადაგვამისამართა: ”გასაქირავებელი და გასაყიდი ფართების შესახებ ავრცელებენ განცხადებებს თუ ვინმე დაინტერესებული არის მათთან მიდის მოლაპარაკება,” – გვეუბნება ობოლაშვილი.
ამავე თემაზე: “ინფორმაცია არ მაქვს” – სახელმწიფო უწყება „ოცნების“ დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შენობაში