“ინფორმაცია არ მაქვს” – სახელმწიფო უწყება „ოცნების“ დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შენობაში

September 15, 2026

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შენობაში 3 წლით გადადის. ოფისი ძვირადღირებული, პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯით მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი, – ინფორმაციას “ტელეკომპანია პირველი” ავრცელებს.

ფართის მფლობელი კომპანია „ველ ჰაუს დეველოპმენტია“, რომელიც „გლობალ ფარმის“ შვილობილი კომპანიაა. „გლობალ ფარმის“ 100%-იან წილს კი „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ფლობს.

ანტონ ობოალშვილი გვეუბნება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და კომპანიის მენეჯმენტთან გადაგვამისამართა: ”გასაქირავებელი და გასაყიდი ფართების შესახებ ავრცელებნ განცხადებებს თუ ვინმე დაინტერესებული არის მათთან მიდის მოლაპარაკება,” – გვეუბნება ობოლაშვილი. 

“ველ ჰაუს”-ში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

როგორც ტელეკომპანია წერს, სახელმწიფო უწყება ახალი ოფისის მოსაწყობად ძვირადღირებულ ავეჯს ყიდულობს. შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით, ერთი სამუშაო მაგიდის ღირებულება 9 680 ლარია, კარადის – 4 080 ლარი, უწყება კი ასეთი სამი კარადის შეძენას გეგმავს. ერთი გორგოლაჭიანისკამისთვის კი 4 230 ლარს იხდის.

უწყების ხელმძღვანელი, ლევან რაზმაძე TV პირველთან ამბობს, რომ არჩევანი იტალიურ ავეჯზე მისი ხარისხისა და ფასის გამო შეაჩერეს და ამტკიცებს, რომ პრემიუმ კლასის იტალიურ პროდუქციას თურქული ავეჯის ფასად ყიდულობენ.

რაც შეეხება ობოლაშვილის კომპანიაზე. რაზმაძის თქმით: “ფასით შევაჩერეთ არჩევანი (ობოლაშვილის კომპანიაზე) და მომსახურების საუკეთესო ვარიანტით.”