ასპინძის მუნიციპალიტეტი “შოთაობის” აღსანიშნად 35 ათასამდე ლარის გამოყოფას გეგმავდა. ამ მიზნით ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ორივეჯერ უშედეგოდ დასრულდა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თავდაპირველ ტენდერში მონაწილეობა, ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს “ნაინს სქაი”-მ მიიღო და სამუშაოებისთვის 34 ათას 500 ლარამდე თანხა შესთავაზა, თუმცა შესყიდვა “უარყოფითი შედეგით” დასრულდა.
დოკუმენტის მიხედვით, სატენდერო კომისიამ ფინანსური უზუსტობა დააფიქსირა, რამაც პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია გამოიწვია. აღნიშნულს გვიდასტურებს კომპანიის წარმომადგენელიც და გვეუბნება, რომ ეს კომისიის გადაწყვეტილება იყო.
რაც შეეხება მეორედ გამოცხადებულ ტენდერს, მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.
ასპინძის მერიაში გვეუბნებიან, რომ ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის დროში ვეღარ ჩაეტევიან და გეგმავენ სატენდერო კომისიას მიმართონ, რათა გამარტივებული შესყიდვა განახორციელონ, გადაუდებელი საჭიროებების კუთხით.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, “შოთაობის” ჩასატარებლად საჭიროა: ღონისძიების, გამოფენებისა და სპორტული აქტივობებისთვის ადგილის მოწყობა, სცენის მოწყობა–დემონტაჟი და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ “შოთაობა” ასპინძის მუნიციპალიტეტში ყოველ 29 სექტემბერს, უკვე ათობით წელია აღინიშნება. „შოთაობის“ ტრადიციას საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა.