ავტორი: რუსტამ მაილოვი
მარინა აივაზიანისთვის სააღდგომო პერიოდი მხოლოდ საოჯახო საქმეებით არ შემოიფარგლება. სადღესასწაულოდ მისი დატვირთვა კიდევ უფრო იზრდება. მას გარდაბანში უკვე წლებია ცნობილი საკონდიტრო აქვს.
მარინა აივაზიანის საკონდიტრო ნაწარმი გარდაბანში 2001 წლიდან იყიდება, მათ შორის სააღდგომო პასკები. რელიგიური კალენდრის ამ პერიოდში აქ, ტრადიციულად, პასკებთან ერთად ნაზუქებსაც აცხობენ, ღებავენ კვერცხს.
გარდაბანში მარინა აივაზიანის საკონდიტროს ბევრი იცნობს. გემრიელ პროდუქციასთნ ერთად მიზეზი ისაა, რომ აქ ქალი მეწარმეები ცოტაა.
გარდაბანი მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია. აქ რელიგიური და საერო დღესასწაულები ეთნოსების ტრადიციების მიხედვით ერთმანეთს ავსებს. მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ეთნიკურად: ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ასურელები, რუსები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქალაქ გარდაბანში მცხოვრებთა ეთნიკური კუთვნილება შემდეგნაირად ნაწილდება: 63% აზერბაიჯანელია, 30% – ქართველი, 2,5% – ასურელი, 1,9% სომეხი და 1,4% – რუსი.