ჟურნალისტებზე ძალადობის და საქმიანობაში ხელის შეშლის 200-მდე შემთხვევა აღრიცხა TI-მ 2024 წელს

December 30, 2024

ჟურნალისტებზე ძალადობის და საქმიანობაში ხელის შეშლის 200-მდე შემთხვევა აღრიცხა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მიმდინარე წელს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

ანგარიშში მოხვდა TOK TV-ს ჟურნალისტის, მიშო დარბაიძის შემთხვევაც. ჩვენს ჟურნალისტს, მიმდინარე წლის 8 მარტს, ადიგენში მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის დაპირისპირების დროს , პოლიციამ გადაღების და ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა არ მისცა.

TOK TV-ის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი “Mapping Media Freedom”-ის რუქაზე მოინიშნა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის, დაშინების, გაჩუმების მცდელობის და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიდან 80 % ოქტომბრის ბოლოდან აღირიცხება.

მათივე ინფორმაციით, 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.