ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პრაღაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
შეხვედრა 6 ოქტომბერს, პრაღაში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, სადაც მხარეებმა „ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების“ თემაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს პლატფორმის შექმნა, რაც “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გარანტი იქნება.”
საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო ყოველთვის მზადაა, ციტატა: „თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს, რათა კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა.”
ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მუშაობას ოქტომბრიდან იწყებენ.
თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მოვლენების ასეთი განვითარება ჩვენი რეგიონისთვის და მასზე რუსეთის გავლენისთვის, – საკითხებზე გვესაუბრება გრიგოლ რობაქიძეს უნივერსიტეტის პროფესორი, პაატა ზაქარეიშვილი.
აქვე გეტყვით, რომ 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის “სამშვიდობო კონტინგენტი”.
2022 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგად, ოფიციალური ვერსიით, ორივე მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო.