თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტებთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

October 10, 2022

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სასულიერო აკადემიაში დოქტორანტებთან,  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სემინარების ციკლი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ ერთობლივი ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეხვედრების ჩატარება.


სემინარი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნეს. 

 
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის საკითხებს და კანდიდატის სტატუსის  მისაღებად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ კი, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო – საეკლესიო სისტემები, სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების დინამიკა, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული მოდელები განიხილა მსმენელებთან კავშირი „21-ე საუკუნე“ გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ.

 სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.