რას ელის გოდერძი?

March 4, 2024

აქტიური ეროზიული პროცესები და შესამჩნევი მცირე მეწყრები გოდერძის ჩრდილოეთ ფერდობზე, სახელმწიფოს ჯერჯერობით მაინც არ კარნახობს ყური უგდოს ,,გოდერძის მეგობრებს“ და განაშენიანების გეგმა გეოლოგიური შესწავლისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეიმუშაოს.

განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა 12 მარტს , ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაშია დაგეგმილი. განაშენიანების ადგილიდან ხულო დაახლოებით 30 კილომეტრშია.

თუ რას და როგორ გადაწყვეტს სახელმწიფო გოდერძის განაშენიანების მიმართულებით, ამაზე არა მხოლოდ ზემო აჭარის ან მთლიანად აჭარის რეგიონია დამოკიდებული. გოდერძის სწორად განვითარებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სამცხე- ჯავახეთზე და მთლიანად საქართველოზეც.

  • რა გეოლოგიური საფრთხეები არსებობს კურორტ ბეშუმის და მიმდებარე ტერიტორიის ურბანული განვითარების მიმართულებით;
  • როგორ შეიძლება იყოს თავიდან აცილებული ბუნებრივი კატასტროფები;
  • როგორ უნდა იყოს დაცული ტყის ტერიტორია;
  • Რა კლიმატური პირობები უნდა იყოს გათვალისწინებული კურორტის განვითარების და სგშ-ს დოკუმენტის წარმოდგენისას 

არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა, “გოდერძის მეგობრები” რეკომენდაციის დოკუმენტი შეიმუშავა და “გარემოს ეროვნულ სააგენტოს” საჯარო განხილვამდე გადაუგზავნა

რა წერია დოკუმენტში

გეოლოგია და გეოდინამიკური პროცესები

რეკომენდაციების დოკუმენტის მიხედვით, დაბა გოდერძის ფრაგმენტის არეალის ჩრდილოეთ ფედრობზე აღინიშნება მცირე მეწყრები და აქტიური ეროზიული პროცესები, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო გეგმავს აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანებას. 

“გოდერძის მეგობრები” მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს ჩაატარონ ზემოთხსენებული ტერიტორიის დეტალური გეოლოგიური კვლევა, რადგან მასზე დაწყებულმა განაშენიანებამ შესაძლოა მოახდინოს ფერდობის დესტაბილიზაცია.

ტყე

“გეგმარებით ტერიტორიაზე არსებული ტყის ჰიფსომეტრული მდებარეობა და გავრცელება ცხადყოფს, რომ ესაა სუბალპური ტყე, წარმოდგენილი მისი გავრცელების უკიდურეს ზედა ზღვარზე, ე.წ ბრძოლის ველზე, რაც ხაზს უსვამს ამ ტყეების სენსიტიურობას და მოწყვლადობას – როგორც მკაცრი გარემო პირობების, ასევე კლიმატის გლობალური ცვლილების მიმართ,” – ვკითხულობთ რეკომენდაციების დოკუმენტში.

განაშენიანების დოკუმენტში, ხაზგასმულია ადგილობრივი ლანდშაპტის მრავალფეროვნება, მაგრამ  ნაკლებადაა წარმოდგენილი მისი დაცვის საჭიროება. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც აღნიშნული ტყე, გეგმის მიხედვით, განაშენიანების შუაგულში მოექცევა.

“გოდერძის მეგობრების” ინიციატივა შემდეგია:
სახელმწიფომ მკვეთრად უნდა გამიჯნოს ტყე და მიანიჭოს შესაბამისი საზღვრები

ორგანიზატორების განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი რეკომენდაციების მთავარი მიზანია რომ ეს განვითარება იყოს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანებისათვის უსაფრთხო, მდგრადი და გრძელვადიან პერსპექტივაში დანახული, რაც ხელს შეუწყობს ქაოტური განაშენიანების მოწესრიგებას, არსებული ბუნებრივი რესურსების სწორ გამოყენებას, ტურიზმის დივერსიფიკაციას და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას.

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობს განაგრძობს. 

ავტორი: მიშო დარბაიძე – 57781889