აუდიტი: გარდაბნის მუნიციპალიტეტში მივლინებისთვის გამოყოფილი თანხები დაუსაბუთებელია

March 4, 2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა 2021-2022 წლებში მივლინებებში 13.8 ათასი ლარი დახარჯეს. აუდიტის დასკვნის თანახმად, ათასობით ლარი დახარჯულია ისე, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობა არ გაუმჯობესებულა.
დასკვნაში საუბარია, 2022 წელს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ერთჯერადად დახარჯულ 12.3 ათას ლარზე და მივლინების საჭიროებაზეც, რადგან, სამივლინებო თანხების ეფექტიანად გამოყენების დოკუმენტი, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა.

აუდიტის სამსახური ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს 2021 წელს მივლინებაში დახარჯულ 1.5 ათას ლარსაც.
ირკვევა რომ ,,2021 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მივლინებით ქ.ბათუმში იმყოფებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ისეთ ტრენიგებში, ( ექვს შემთხვევაში) როცა, მივლინებული პირების სამსახურეობრივი პროფილი ჩატარებული სწავლების თემისგან განსხვავდებოდა. “

მაგალითად, ტრენინგი თემაზე: ,,ქონების მართვა“ “განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის“ სამსახურის ხელმძღვანელმა გაიარა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ,,მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემები არ მოიცავს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასებას. “

მოხდა თუ არა სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და რატომ მონაწილეობდნენ არათემატურ ტრენინგებში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ამ კითხვაზე პასუხის მიღება გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვცადეთ, თუმცა, ჩვენს ზარებს, არ უპასუხეს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.