მერიამ ავტობუსებისთვის შესაძლოა იქირავოს ფართი, რომლის ყიდვასაც გეგმავდა – ახალციხე

March 5, 2024

ახალციხის მერიამ შესაძლოა ავტობუსებისთვის დაიქირავოს ის ფართი, რომლის ყიდვასაც 2 600 000 ლარად გეგმავდა და რომლის ყიდვაშიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კორუფციულ რისკებს ხედავდა.

საუბარია ახალციხეში, საბარგო სადგურის მიმდებარედ არსებულ ფართზე, რომელიც სახელმწიფოსთან დაკავშირებულ კომპანიას “შპს “სილქ როუდ ენჯინიარინგს” ეკუთვნის. სწორედ ეს კომპანიაა ერთადერთი პრეტენდენტი, რომელიც ახალციხის მერიის მიერ, ავტობუსებისთვის და სპეციალიზირებული ტექნიკისთვის ადგილის დაქირავებისთვის გამოცხადებულ ტენდერში იღებს მონაწილეობას.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფართი, სადაც 18 ავტობუსს დააყენებენ – ტენდერი ახალციხეში

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, კონკურსი გუშინ, 4 მარტს დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.

არსებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია აღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვას მიიღებს, მერიამ ფართი 18 თვის განმავლობაში, 350 000-მდე ლარად უნდა დაიქირავოს.

ახალციხეში, 18 ახალი ავტობუსი ჩამოიყვანეს

აქვე გეტყვით, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, საბარგო სადგურზე არსებული ტერიტორია, შპს „სილქ როუდ ენჯინიარინგმა“ მილიონ ნახევრამდე ლარად, უკონკურენტოდ იყიდა სახელმწიფო შპს-ს შვილობილი კომპანიისგან.

სავარაუდო კორუფციული რისკები ახალციხის მერიაში – #TI-ს კვლევა

ახალციხის მერიამ 18 ავტობუსი 6 მილიონზე მეტ ლარად იყიდა, რომელიც 17 თებერვალს ჩამოიყვანეს.