ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
2022 წლის წალკის ბიუჯეტში წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჯამში 11 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. ინფორმაცია მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურში დაგვიდასტურეს.
წყალმომარაგებისა და საგზაო მიმართულებით ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა 2022 წელს სრულად არ გამოყენებულა. მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ამირან საყვარელიძის თქმით, გამოყოფილი თანხიდან განკარგეს 10 მილიონ ლარზე მეტი.
რა მიზეზით არ დაიხარჯა გამოყოფილი თანხა სრულად? მერიაში გვითხრეს, რომ ეკონომია ტენდერების ხარჯზე გაკეთდა. ასევე, სრულად არ დახარჯულა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხები.
დავინტერესდით, სად მიდის წინა წლიდან დარჩენილი თანხა. მერიაში გვითხრეს, რომ ის 2023 წლის ბიუჯეტში გადაიტანეს. ის კონკრეტულად რომელიმე ერთი მიმართულებით არ დაიხარჯება. იმ პროექტებს მოხმარდება, რომელიც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი ან დაიგეგმება.
2022 წლის ზაფხულის მონაცემით, წალკის 13 სოფლის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა აქვს. ქალაქ წალკის უმეტეს ნაწილში გზები მოუწესრიგებელია. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა პრობლემაა სოფლების ნაწილშიც, მაგალითად, სოფელ კოხტაში.