რუსთაველის ქუჩაზე სახლების ფასადების და ღობეების რეაბილიტაცია იგეგმება – ახალციხე

May 2, 2023

ახალციხეში, რუსთაველის 90 ნომრიდან 108-მდე სახლების და ღობეების რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც მერია 300 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება არსებული ფასადების, ღობეების, რკინაბეტონის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ღობის სიგრძე რუსთველის 71-დან, ღრელის ასახვევამდე ჯამში 140,110 მეტრის სიგრძის იქნება.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მათივე ცნობით, ქუჩის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, მოსახლეობის მოთხოვნის და არსებული საჭიროებების მიხედვით მიიღეს.

წინადადებების 5-8 მაისს მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირის ვადაში უნდა შეასრულოს.