სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილეები არასრული და ხარვეზიანი დეკლარაციებით – TI

May 2, 2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზურაბ ხაჩიძემ 2022 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის თანასაკუთრებაში არსებული ბინა, მეუღლის საკუთრებაში არსებული სამი ბინა, სარდაფი და ორი სხვენი, – ამის შესახებ კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, ხაჩიძემ ასევე დეკლარაციაში არ ასახა 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობაც.

კვლევის მიხედვით, ხაჩიძე გასულ წელს საჯარო სამსახურის ბიურომ, დეკლარაციაში დარღვევების გამო 710 ლარით დააჯარიმა.

რაც შეეხება მეორე მოადგილეს, შოთა როსტიაშვილს, კვლევის მიხედვით მას 2022 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი ფლობს თბილისში და მცხეთაში, სოფელ წეროვანში მდებარე მიწის სამ ნაკვეთს, მეუღლის სახელზე გაფორმებულ მიწის ნაკვეთს თბილისში და მცხეთაში.

რა მიზეზით არ მიუთითეს დეკლარაციებში ზემოთჩამოთვლილი ქონება? ჩვენ ორივე მათგანთან ადაკავშირება ვცადეთ, თუმცა ზურაბ ხაჩიძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება როსტიაშვილს, იგი გვპასუხობს: “ჩემი მხრიდან ტექნიკური შეცდომაა დაშვებული შევსების დროს. თუ შესაძლებლობა მომეცემა კანონის ფარგლებში შევეცდები მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვასწორო.”

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის, არჩილ თოდუას თქმით, სულ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების 37 მოქმედი თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, რომელთაგან დარღვევა 7-ში დაფიქსირდა.