ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მისი განცხადება, რომელიც ავტომანქანასთან დაკავშირებით გააკეთა, “მრევლში უკმაყოფილობას არ გამოიწვევს, მაგრამ საზოგადოების მხრიდან როგორი რეაქცია მოჰყვება არ იცის.”
საქმე ეხება მიტროპოლიტის განცხადებას, რომელიც მან რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. მან თქვა, რომ ჰყავს 2006 წლის მანქანა, რომელიც დაზიანებულია და “ახალი მანქანა არ აწყენდა.”
მან ჩვენთან საუბარში განმარტა თუ რისთვის სჭირდება მანქანა.
“ახლა მე ვარ თბილისში და ჩემი ეპარქია არის ახალქალაქში და აი ამ წუთას მე მივდივარ ჯავახეთში. ვზივარ ჩემს მანქანაში 2006 წლის მოდელში. ჯავახეთში სავარაუდოდ ძალიან ცუდი გზებია, თოვლია , ყინულია და სახლამდე რომ მივიდე მჭირდება ავტომობილი. ღმერთმა ქნას, რომ ეს მანქანა არ გაფუჭდეს, რადგან თუ გაფუჭდა ისეთი სიცივეა და საშიშია უღელტეხილზე დარჩენა ღამე, იქ მგლებია,”– გვითხრა მიტროპოლიტმა.
შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ერთ-ერთი კომპანიისგან iPhone 12 pro მიიღო საჩუქრად. ტელეფონი მას შემდეგ გადასცეს, რაც მან განაცხადა, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი არ ჰქონდა.
მაშინ სასულიერო პირმა გვითხრა, რომ აქვს საკუთარი YouTube არხი, სადაც ამ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოებს ანთავსებს.