ახალციხის მერია, 18 ავტობუსისთვის და სპეციალიზირებული ტექნიკისთვის ფართის დაქირავებას 400 000-მდე ლარად გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტში არსებული მოთხოვნების მიხედვით, ტერიტორია არ უნდა იყოს ქალაქისგან 3 კმ-ზე შორს; ტერიტორია სადაც ტრანსპორტს განათავსებენ უნდა იყოს მინიმუმ 10 000 კვ.მეტრი; ტერიტორიაზე უნდა იყოს მოწყობილი ადმინისტრაციული შენობა; უნდა იყოს შემოღობილი და აღჭურვილი ელექტრო ენერგიით, ბუნებრივი აირით, წყლითა და წყალარინების კომუნიკაციებით.
ტენდერის გამოცხადებამდე, ახალციხის მერია აპირებდა, საბარგო სადგურის მიმდებარედ 2 600 000 ლარად ეყიდა ტერიტორია, ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიისგან.
სავარაუდო კორუფციული რისკები ახალციხის მერიაში – #TI-ს კვლევა
აღნიშნული ტერიტორიის მოცულობა 18 000 კვ.მეტრია, განთავსებულია შენობა, გადახურული ფარეხები, ტერიტორია შემოღობილია და გაყვანილია კომუნიკაციები.
ახალციხის მერია, ავტოტრანსპორტისთვის თავდაპირველად აღნიშნული ტერიტორიის ყიდვას აპირებდა საკითხი რამდენჯერმე განიხილეს საკრებულოს სხდომაზეც თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.
კვლავ განიხილავს თუ არა მერია ტერიტორიის ყიდვას? – ახალციხის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.
აქვე გეტყვით, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, საბარგო სადგურზე არსებული ტერიტორია, შპს „სილქ როუდ ენჯინიარინგმა“ მილიონ ნახევრამდე ლარად, უკონკურენტოდ იყიდა სახელმწიფო შპს-ს შვილობილი კომპანიისგან.
ახალციხის მერიამ 18 ავტობუსი 6 მილიონზე მეტ ლარად იყიდა, რომელიც 17 თებერვალს ჩამოიყვანეს.
სავარაუდო კორუფციული რისკები ახალციხის მერიაში – #TI-ს კვლევა