“დღეს შარლ მიშელის დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა,” – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გასვლა. მისი განცხადებით, “ოცნება” შეთანხმებიდან გადის.
მისივე თქმით, როცა მთავარი ოპოზიციური ძალა არ უერთდება, ხოლო სხვა ოპოზიციური ძალები მუდმივად არღვევენ შეთანხმებას, “ქართული ოცნება” იყო ერთადერთი, რომელიც შეთანხმებას ასრულებდა. თუმცა დღეს კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება ანულირებულია.
“დღეს დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში “ქართული ოცნების მხრიდან” შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება,” – განაცხადა კობახიძემ.
“რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს — კოალიციური მმართველბის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და “ქართული ოცნება” ამას მხარს უჭერს. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.”
ირაკლი კობახიძის თქმით, “შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს”.
შარლ მიშელის შეთანხმებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა თუ “ქართული ოცნება” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა.