“ჯანმრთელობის გამო ვთქვი უარი” – ბორჯომის მერობის მოვალეობის შემსრულებელი

July 28, 2021

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად პარტია “ქართულმა ოცნებამ” ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, ოთარ არბოლაშვილი წარადგინა.

ამ ეტაპზე ბორჯომის მუნიციპალიტეტს მერი არ ჰყავს. მის მოვალეობას კი დავით ზაალიშვილი ასრულებს. წინამორბედი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

განიხილებოდა თუ არა პარტიაში დავით ზაალიშვილის კანდიდატურა და როგორ აფასებს ამჟამინდელ გადაწყვეტილებას? მისი თქმით, შეთავაზება მიიღო, თუმცა უარი ჯანმრთელობის გაუარესების გამო თქვა.

“მეც შემომთავაზეს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო უარი ვთქვი. ვფიქრობ, ოთარ არბოლაშვილი გაიმარჯვებს და ვითანამშრომლებთ კიდეც.”

კითხვაზე, თუ რას აპირებს არჩევნების დასრულების შემდეგ გვპასუხობს, რომ “ამას დრო გვიჩვენებს.”

შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატი წარადგინა ასპინძაში და ახალქალაქში.