“მივიჩნევთ, რომ მკაფიო მუხლის განმარტება რაიმე სახის იტერპრეტაციით, საფრთხეს შეუქმნის რეგიონული მედიების მიერ არჩევნების ჯეროვან გაშუქებას და კანონისმიერ საქმისწარმოებას, დააზარალებს რეგიონულ მედიას და თავად საარჩევნო გარემოს და წარმოქმნის სამართლებრივ დავებს,” – რეგიონული მაუწყებლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აუდიტის სამსახურს და კომუნიკაციების კომისიას მიმართავენ.
განცხადების მიხედვით, რეგიონული მაუწყებლები თვლიან, რომ საარჩევნო კოდექსის 193-ე მუხლის რაიმე სახით ინტერპრეტირება საფრთხეს შეუქმნის არჩევნების ჯეროვან გაშუქებას, ამიტომ საჭიროა აღნიშნული მუხლი ნათლად და საჯაროდ იყოს განხილული.
“განმარტებისას, გთხოვთ გაითვალსიწინოთ, რომ რეგიონული მაუწყებლები აღნიშნულ მკაფიო მუხლს ვკითხულობთ და განვმარტავთ ინტერეპრეტაციის გარეშე და ვხელმძღვანელობთ თავად საარჩევნო კოდექსით, რეკლამის შესახებ კანონითა და მაუწყებლობის შესახებ კანონით, სადაც ტერმინი ,,განთავსება“ რეკლამასთან მიმართებით გამოყენებულია, როგორც სამაუწყებლო რეკლამის, ისე გარე რეკლამის და ისე ონლაინ მედიაში განთავსებული რეკლამის კონტექსტში,” – ნათქვამია განცხადებაში.
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორის, ნათია კუპრაშვილის თქმით, არასწორი ინტერპრეტაცია სცადა ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებსაც რეგიონში წარმომადგენლობა არ ყავთ და ამ გზით უნდათ კანონს გვერდი აუარონ.
“ინტერპრეტაცია გამოიწვია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის სურვილმა, რადგან მათ რეგიონებში წარმომადგენლობა ძალიან სუსტი აქვთ და უნდათ გვერდი აუარონ ამ ჩანაწერს და უნდათ რომ საერთოდ არ ქონდეთ რეკლამა რეგიონულ მედიაში, რადგან აქ მათ წარმომადგენლები არ ყავთ და მათთვის არჩევნები მხოლოდ თბილისში ტარდება. ამიტომ ხდება ამ მუხლის არასწორი ინტერპრეტაცია. ცესკოს ნათლად ჰქონდა ვალდებულება, რომ გამოეცა განკარგულება წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტებისთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ წინასაარჩევნო გარემოში ამგვარი რამ მათ არ გაუკეთებიათ,” – გვეუბნება ნათია კუპრაშვილი
აქვე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ითხოვს ინფორმაციას პოლიტიკური პარტიებისგან რეკლამების ხარჯების შესახებ შემდეგ ფორმებზე:
- სატელევიზიო რეკლამის ხარჯები
- ბეჭდური რეკლამის ხარჯები
- ინტერნეტ-რეკლამის ხარჯი
- ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯი
- გარე რეკლამის ხარჯი
- სხვა სარეკლამო ხარჯები
რა წერია 193-ე მუხლში
მუხლი 193. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის 30-ე დღიდან 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე
არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დასახარჯი თანხის გამოყენების დამატებითი წესი არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.