ენმ-მ ასპინძაში მერობის კანდიდატი წარადგინა

August 16, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ენმ-მ ასპინძაში მერობის კანდიდატი წარადგინა. მუნიციპალიტეტში ამ თანამდებობისთვის 2014-17 წლებში საკრებულოს ყოფილი დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი გიორგაძე იბრძოლებს.

გიორგაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს და მალე მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ და მაჟორიტარებს დაასახელებენ.

“მალე დავასახელებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. მოლოდინი მაქვს, რომ ხალხი დამიჭერს მხარს, რადგან მათ სჭირდებათ განახლებული პროექტები ინფრასტრუქტურის და სოფელშ არსებული პრობლემების შესახებ,” – გვეუბნება გიორგაძე.

ჩვენს კითხვაზე, თუ რას თვლის იგი ყველაზე აქტუალურ პრობლემას, რომელსაც გამარჯვების შემთვევაში მოაგვარებს გვპასუხობს: “ყველაზე მთავარი პრობლემებია სასმელი წყალი და გაზიფიცირება, რომელიც წესით აქამდე უნდა მოგვარებულიყო.”

კითხვაზე, დეპუტატობის პერიოდში რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ მოსახლეობის პრობლემები მოგვარებულიყო გვპასუხობს: “საკრებულოს სხდომებზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რაც ოქმებშიც არის ასახული, თუმცა ჩემი გამოთქმული პრობლემების ნაწილი დეპუტატების დაპირების მიუხედავად არ გვარდებოდა.”

გიორგი გიორგაძე ასევე, 2013 წლამდე შ.პ.ს ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს მერობის კანდიდატები ნიკა მელიამ გუშინ წარადგინა. ადიგენში მერობისთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი უფროსი, მარეხ დათიაშილი იბრძოლებს. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კანდიდატები ჯერ არ წარუდგენიათ.

ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავს “ქართულ ოცნებას.” ასპინძაში მერობის სტატუსის შენარჩუნებას, მოქმედი მერი, როსტომ მაგრაქველიძე შეეცდება.