საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ USAID-ის მხარდაჭერილ ტრენინგზე სერბეთის მოქალაქეებმა ქართველ აქტივისტებს ასწავლეს ძალაუფლების ხელში აღება და საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო კადრები დღეს, 2 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის საელჩო, რომელმაც ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ იმ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას გააგრძელებს, რომლებიც ხალხს ეხმარებიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახსნა-განმარტებას ელოდება USAID-ის ადგილობრივი ოფისისგან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე, რომელთაც ადანაშაულებდნენ აქტივისტების დატრენინგებაში ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.
როგორ აფასებენ განცხადებას სამცხე-ჯავახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ვნახოთ შეფასებები. ასევე, ჩვენ გვინდოდა შემოგვეთავაზებინა ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის პოზიციაც, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრა.