უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები ევროკავშირი, აშშ და თურქეთი არიან ხოლო რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო, ამის შესახებ NDI-ს ახალ კვლევაში ვკითხულობთ. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% და 40% საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს. აშშ-ს პოლიტიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 35% ასახელებს, ხოლო ეკონომიკურ პარტნიორად 28%; თურქეთი 17%-ისა და 26%-ის აზრით, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია.
რაც შეეხება რუსეთს, გამოკითხულთა 13% მიიჩნევს მას პოლიტიკურ პარტნიორად, 16% კი ეკონომიკურ პარტნიორად. ამასთან, გამოკითხულთაგან ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობა რუსეთის გავლენას უარყოფითად, ხოლო ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ს გავლენას დადებითად აფასებს. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს, 2,036 დასრულებულ ინტერვიუს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს და 2 024 დასრულებულ ინტერვიუს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6% საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.