სამცხე-ჯავახეთში საჯარო სკოლების დირექტორობის ვადა 65 პირს ამოეწურა. მათგან 11 თანამდებობიდან გაათავისუფლეს, დანარჩენი დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ახალციხის სოფელ ტყემლანას დირექტორი, ნინო ტყემალაძე ერთ-ერთია იმათგან, რომელიც 6 წლიანი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოფიციალურ კომენტარზე უარი გვითხრა, მაგრამ პირად საუბარში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი არ იცის.
“მიზეზი არ ვიცი, ვერაფერს ვუკავშირებ. ვერც პოლიტიკურ მოტივს, იმდენად უმიზეზოდ გამათავისუფლეს, რომ არც კონკურსში მივიღებ მონაწილეობას.”
ჩვენ მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო რესურსცეტრებს დავუკავშირდით. ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ინგა ბოჭორიშვილი გვეუბნება, რომ ადიგენში არსებული საჯარო სკოლებიდან ხელშეკრულების ვადა ცხრა დირექტორს გაუვიდა, მათგან 4 მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, დანარჩენის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი.
ბორჯომის რესურსცენტრში ამბობენ, რომ ხელშეკრულების ვადა ექვს დირექტორს ამოეწურა და ყველა დროებით მოვალეობის შემსრულებლად არის დანიშნული.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ხელშეკრულების ვადა ოთხი სკოლის დირექტორს ამოეწურა. ისინი დროებით მოვალეობას ასრულებენ.
ამ დრომდე ჩვენს ზარებს არ პასუხობენ ნინოწმინნდის და ახალქალაქის რესურსცენტრში. რაც შეეხება ახალციხის რესურსცენტრს რედაქცია მათგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.
ჩვენ ასევე ვცდილობთ განათლების სამინისტროს პოზიცია შემოგთავაზოთ.