რომელი სტუდენტები დაფინანსდებიან მუნიციპალიტეტისგან სამცხე-ჯავახეთში

December 23, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ 1 000 ლარის ოდენობის თანხას მიიღებენ. თუმცა ფულადი მხარდაჭერის გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება მაგისტრის და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

მუნიციპალიტეტის მერი, დავით ზაალიშვილი ამბობს, რომ თანხა გამოყოფილია ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მოცულობა 50 000 ლარს შეადგენს. “შესაძლოა გავწვდეთ მაგისტრებსაც და კერძო უნივერისტეტის სტუდენტებსაც,”-ამბობს ის.

“ამ დროისთვის თანხა გამოყოფილია 50 000 ლარის ოდენობით და თუ საჭირო გახდება შეგვიძლია გავზარდოთ კიდეც. ასევე, შესაძლოა გავწვდეთ მაგისტრებსაც და კერძო უნივერისტეტის სტუდენტებსაც,” – ამბობს დავით ზაალიშვილი

თანხა 2021 წლის ბიუჯეტში შეტანილია სპეციალური მუხლით “წარჩინებული სტუდენტების წახალისება.” 

როგორც მერიაში განმატავენ სტუდნეტებმა უწყებაში უნდა წარადგინონ აკადემიური მოსწრების დოკუმენტი, რის შემდეგაც ჩაერიცხებათ თანხა.

სტუდენტთა წახალისების პროგრამა”მერის სტიპენდია” ფუნქციონირებს ახალციხეშიც. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც სემესტრულად მინიმუმ 95 ქულას მიიღებს  მუნიციპალიტეტი 500 ლარს გადასცემს.

რაც შეეხება ასპინძის მუნიციპალიტეტს, მერი, როსტომ მაგლაქველიძე გვეუბნება, რომ წარჩინებულ სტუდენტებს და მოსწავლეებს წამახალსებელი ჯილდოები ურიგდებათ და წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტი არ აქვთ.

“წამახალისებელი პროგრამები გვაქვს, ჯილდოების და ფულადი სახის. თუმცა წინასწარ თანხა არ არის გამოყოფილი. ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით ხდება გამოყოფა,” – გვეუბნება მაგლაქველიძე.

​ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამას განსხვავებული ხასიათი აქვს. აქ თანხას  ობოლ სტუდენტებს გადასცემენ. მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, ამ კატეგორიაში შემავალთ 1 000 ლარიანი ვაუჩერით ეხმარებიან.

“ყველა ობოლ სტუდენტს, მიუხედავად მათი აკადემიური მოსწრებისა 1 000 ლარს ვურიცხავთ. მეორე წელია უკვე მიმდინარეობს ეს პროექტი. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.”

რაც შეეხება ადიგენის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს. აქ სტუდენტებისთვის მხარდამჭერი და წამახალისებელი პროგრამები არ აქვთ.