რობოტი პეპერი “სითი მოლის” მომხმარებელს კორონავირუსის სიმპტომებს შეუმოწმებს​

December 24, 2020

რობოტი პეპერი City Mall-ში მომხმარებელს კორონავირუსის სიმპტომებს შეუმოწმებს. იგი მოქალაქეებს სიცხეს გაუზომავს და თავის დასაცავად ზოგად რეკომენდაციებს გააცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას City Mall ავრცელებს.

“24 დეკემბრიდან სითი მოლში მოსულ ყველა მომხმარებელს დავეხმარები, გავუზომავ სიცხეს, შევუმოწმებ სიმპტომებს, გავაცნობ ზოგად რეკომენდაციებს თავის დასაცავად, მივაწვდი ინფორმაციას სითი მოლის შესახებ (მაღაზიებზე, პარკირების წესებზე, მუშაობის საათებზე). შევხვდებით სითი მოლში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

არის თუ არა სითი მოლში იგივე რობოტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ჩამოიყვანა და სცენიდან ვარდნით დაგვამახსოვრა თავი ამის გარკვევას რამდენიმე საათია ვცდილობთ. 

ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში ერთი რობოტი პეპერია და მათივე თქმით, მაღაზიაში მისულ მოქალაქეებსაც ეკატერინე ტიკარაძის დამხმარედ წარდგენილი რობოტი ხვდება. სითი მოლის მარკეტინგის მენეჯერი კი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რობოტი მარკეტინგის მიზნით კერძო კომპანიამ მიაწოდათ. 

მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ექნებათ. თუმცა მათ გამკაცრებული რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

სამუშაო საათები  07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრება. ამასთან, მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებით, მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2-ზე დაშვებულია არაუმეტეს ერთი მომხმარებელი; ტანსაცმლის მაღაზიებში არ მუშაობს გასახდელები. სავაჭრო ცენტრებში აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება.