განახლებულია 4 აგვისტოს
სოიგულუ აშრალოვა 65 წლისაა. ის წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-სარვანში (არჯევან-სარვანში) ცხოვრობს. სოიგულუ უკვე წლებია იმისათვის, რომ წყალი სახლში მიიტანოს, ე.წ.“ჩაქქილს” იყენებს.
სოიგულუს და არ-სარვანის მკვიდრ სხვა ქალებს, ოჯახებში წყლის მიტანა უფრო მეტად ზამთრობით უჭირთ. აქ ტემპერატურა ზამთარში საშუალოდ მინუს 15 გრადუსს აღწევს. ონკანიდან მომდინარე წყალიც ხშირად იყინება
არ-სარვანში მცხოვრები ქალები გვეუბნებიან, რომ მათთან კაცი წყლის მოსატანად არ დადის, არატრადიციული და მიუღებელია.
სოფელში გვიყვებიან, რომ წყლის სისტემა სოფელში წლებია არ ჰქონიათ. წყაროს წყალი, რომელიც სოფელ არ-სარვანის ცენტრში უწყვეტად მოედინება, სოფლის ნაწილისთვის სასმელი წყლის ერთდერთი წყაროა.
„ზოგს ეზოში ჭა აქვს. დღემდე არავისთან წყლის ანალიზი არ გაკეთებულა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ წყალი დასალევად არ ვარგა. უმეტესობა მთის და ჭის წყალს ვურევთ ერთმანეთს,“ – გვეუბნება დურმიშხან აშრალოვი.
მიუხედავად გადაღებული კადრებისა, რომელზეც წყაროს წყლის რიგში მდგომი ქალები ჩანან, წალკის მერიაში გვეუბნებიან, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს, მათ შორის არ-სარვანს, სასმელი წლის პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება ჭებს, მერიაში ირწმუნებიან, რომ პერიოდულად, სამ თვეში ან ექვს თვეში ერთხელ წყლის ხარისხი მოწმდება და წყალი სასმელად ვარგისია.
სად ქვეყნდება შემოწმებული წყლის სინჯების დასკვნები ან ვინ აკეთებს ანალიზს? მერიაში გვეუბნებიან, რომ პასუხები საჯარო ინფორმაციის სახით უნდა გამოვითხოვოთ. ჩვენ ასეც მოვიქეცით. წალკის მერიიდან ინფორმაციის მიღებისთანავე, სტატიას აღნიშნული მონაცემებიც დაემატება.
წალკის მერიიდან ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია თუ რა ოდენობის თანხა დაიხარჯა ბოლო 5 წლის განმავლობაში წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის. პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია აისახება შინაარსზე.
/საჯარო ინფორმაციიაზე დაყრდნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, წყლის სისტემის მოწყობა რეაბილიტაციისათვის 6 600 034,36 ლარი გაიხარჯა, ხოლო 2021 წელს 1 876 980,49 ლარი https://toktv.ge/%d0%bd%d0%be%d0%b2%d0%be%d1%81%d1%82%d0%b8/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%ac/
წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის სოფლები, რომლებშიც წლების განმავლობაში წყალმომარაგების სისტემა არ შეკეთებულა.
წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, იმ სოფლებში, სადაც წლებია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობის მოწყობისთვის 180 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ხოლო არსებულის შეკეთება-რეაბილიტაციისთვის და წყლის სისტემის მაგისტრალის გაწმენდისთვის – 465 ათასი ლარი.