ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“დღეს დიდი დღესასწაულია(შობა) და ყველა ვერთობით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს” – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. ასე, გაბუნია მართლმადიდებლური შობის დღეს ე.წ კომენდანტის საათის მოხსნას გამოეხმაურა და მოუწოდა მოსახლეობას, რომ დაიცვან ორ მეტრიანი დისტანცია, გაიკეთონ პირბადეები და გამოიყენონ ანტიბაქტერიული ხსნარები.
„ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შესრულდეს, ეს არის ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება. დღეს დიდი დღესასწაულია, ამ დღეს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან“, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსნებთ , რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 იანვარს, შობის ღამეს ე.წ კომენდანტის საათი არ იმოქმედებს. გადაწყვეტილებას რელიგიური კონფესიების და მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა, რადგან სხვა კონფესიების რელიგიურ დღესასწაულებზე გადაადგილების შეზღუდვა არ მოხდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შობის დღესასწაულზე დროებითი საშვის აღება შეეძლოთ, თუმცა სასულიერო პირებმა გადაწყვეტილებას “უხერხული დროებითი საშვი” უწოდეს.