ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკაში 9 მრავალსართულიანი შენობის სახურავის რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა განთავსებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წალკის მერია აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამში, 600 ათასამდე ლარის გამოყოფას გეგმავს. სახურავის რეაბილიტაცია შემდეგ მისამართზე არსებულ შენობებს ჩაუტარდებათ: იოანიდის ქ. N1, იოანიდის ქუჩა N2, ჭავჭავაძის ქ. N10, თბილისის ქუჩა N2, ყაზბეგის ქ.N2, აიდანოვის ქ.37, აიდანოვის ქ N38, აიდანოვის ქ N40, აიდანოვის ქ N42.
წალკის მერიის შესყიდვების განყოფილების წარმომადგენლის მირზა გადრანის ინფორმაციით, აღნიშნული შენობების სახურავებს რეაბილიტაცია ჯერ არასდროს ჩატარებია. Საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი გასული საუკუნის 40-იან, 50-იან, 70-იან წლებშია აშენებული.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 2 მარტს ორ ნაწილად გამოაცხადა. 5 შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წინადადებების მიღება 2023 წლის 24 მარტს დაიწყება და 29-ში დასრულდება. Დარჩენილი 4-სთვის კი პროცესი 23 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება.
წალკის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ტენდერი ორ ნაწილად პროცესების გამარტივების მიზნით გამოცხადდება. სამსახურის უფროსის ამირან საყვარელიძის თქმით, 9 შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
Მისივე განმარტებით, აღნიშნული 9 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის გარდა, წალკაში ყველა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი გადახურულია.