ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – წალკაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა {განახლებადი}

May 27, 2023

წალკაში  მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. საუბარია წალკაზე გამავალ საერთაშორისო სარკინიგზო მონაკვეთზე, შემთხვევის შედეგად არის გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული. ინფორმაციას დაღუპულის შესახებ გვიდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყებაში გვეუბნებიან, რომ გამოძიება სსკ-ის 275 მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი. მომხდარის ამსახველ ვიდეო კადრების მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წალკაში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარაბდა-ახალქალაქის მშენებარე სარკინიგზო მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორი კომპანიის დსს ”აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალი საქართველოში” მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, გარდაიცვალა ზემოაღნიშნული კომპანიის ერთი თანამშრომელი, დაშავებულია ერთი. ორივე მათგანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

წალკა-თრიალეთის სამშენებლო მონაკვეთზე დაზიანებულია სამშენებლო მოძრავი შემადგენლობა – სარელსო ტექნიკა. შეგახსენებთ, რომ დსს ”აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალი საქართველოში” მ.წ. 15 მაისის მომართვის საფუძველზე, აღნიშნული მონაკვეთი დაკეტილია სამატარებლო მიმოსვლისთვის. განცხადების თანახმად, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა.

შეგახსენებთ, რომ TOK TV ს ორი წყარო 2-ზე მეტი დაშავებულის შესახებ უდასტურებს ინფორმაციას. ამასთან ადგილობრივები ჩვენთან რკინიგზაზე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უხარისხო მუშაობის შესახებ ჩივიან. TOK TV განაგრძობს მუშაობას თემაზე , მათ შორის ცდილობს შემსრულებელი კომპანიის განმარტების მოპოვებას.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე არსებულ ინფრასტრუქრურაზე საგამოძიებო ჟურნალოსტთა ჯგუფი ჯერ კიდევ 2021 წელა წერდა.

სტატიის ავტორი სპეციალისტებთან ერთად მემანქანეებზე დაყრდნობით, წერდა რომ ინფრასტრუქტურა სახიფათოა და გადაადგილებისას რისკებს შეიცავს .

“წესით და რიგით, საერთოდ არ შეიძლება, მაგ უბანზე მატარებლის ტარება, მაგრამ რას იზამ,” – ამბობს ზვიად მუმლაძე, თბილისის მახარისხებელი სალოკომოტივო დეპოს ელმავლის მემანქანე. ის მარაბდა-ახალქალაქის ხაზზე სატესტო რეჟიმის დაწყების დღიდან მუშაობს.

ბაქო-თბილისის ყარსის სარკინიგზო ხაზის სიგრძე სულ 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე გადის 254 კილომეტრი, რომელიც მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლის გალერეას. საერთაშორისო დერეფნის საქართველოს ნაწილს ოთხი უბანი აქვს: მარაბდა-თეთრიწყარო; თეთრიწყარო-წალკა; წალკა-ახალქალაქი და ახალქალაქი-კარწახი.”