ავტორი: მირანდა ფუტკარაია
დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან 1 წელი გავიდა. გთავაზობთ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკაშირებით საქართველოში გაკეთებული განცხადებების ნაწილს. “უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება”- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი თარიღს. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, უკრაინელების შემართებამ შედეგი გამოიღო და “რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია.”
“დამანგრეველი” უწოდა უკრაინის ომს პრემიერმა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება “ეროვნული ინტერესების” შესაბამისად მოქმედებს. ” ხელისუფლებაში ეს დესტრუქციული ოპოზიცია რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოც, მსგავსად უკრაინისა, პოლიგონად გადაიქცეოდა”- აღნიშნა პრემიერმა.
უკრაინაში ომის წლისთავზე საუბრისას საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას გაუსვა ხაზი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. “მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა, იხურებოდა საელჩოები და ცხადდებოდა ტოტალური ევაკუაცია, ქართული საელჩოს კარი ერთი წუთითაც არ დაკეტილა და დროშა არ დაწეულა “- განაცხადა პაპუაშილმა
თარიღს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე. “ეს ხალხი დღეს თავიდან იბადება, როგორც ერი, მებრძოლი, რომელიც არავის დაუთმობს თავის სამშობლოს, თავის ოჯახს და შვილების მომავალს!”-აღნიშნა მან.
“1 წლის წინ რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინას 3 დღეში დაიპყრობდა. 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა”,-დაწერა Twitter-ში რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
უკრაინაში მიმდინარე ომთან მმართველი გუნდის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ. მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრები “ფარისევლურად უსურვებენ უკრაინას მშვიდობას”. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ “ მშვიდობა გამარჯვების გარეშე ნიშნავს უკრაინის 40 პროცენტის ოკუპაციაზე ხელის მოწერას”.
უკრაინისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მტკიცედ, ურყევად უჭერს მხარს უკრაინის ხელისუფლებასა და გმირ უკრაინელ ერს,”- აღნიშნულია პარტიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. მილიონობით უკრაინელმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა.