მეორე შახტის დაზიანებული კორპუსების ისტორია – ახალციხე

June 11, 2024

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

წარმოიდგინეთ ახალციხის პატარა დასახლება, ორსართულიანი, სიძველისგან გახუნებული, ჩამონგრეული, ავარიული და დანგრევის პირას კორპუსებით

წარმოიდგინეთ კორპუსები წყლის, ბუნებრივი აირის და საკანალიზაციო სისტემის გარეშე – თუმცა “წარმოდგენილს” ნანახი ჯობსო… ამიტომ, ნახეთ სიუჟეტი

ამავე თემაზე: მეორე შახტა – დაპირებებით გამაგრებული დასახლება

ინფრასტრუქტურის მინისტრის დუმილი მეორე შახტაში, ავარიული კორპუსების შესახებ

ტექსტი:

კარგი რამ იყო თავად მეორე შახტის დასახლების კორპუსები. წარმოიდგინეთ ახალციხის პატარა დასახლება, ერთიანი სივრცე, ორსართულიანი,  სიძველისგან გახუნებული, ჩამონგრეული, ავარიული და დანგრევის პირას კორპუსებით. მიმდებარედ ხისგან ნაშენები ცხოველების სადგომები. 

წარმოიდგინეთ კორპუსები წყლის, ბუნებრივი აირის და საკანალიზაციო სისტემის გარეშე – თუმცა რაღა წარმოვიდგინოთ, რეალურ გარემოს გიჩვენებთ – მეორე შახტი, ახალციხის ცენტრიდან დაახლოებით 15-20 წუთის მანძილზე. 

როგორც ჩანს ცენტრიდან დაშორებული მცირე მანძილის მიუხედავად,  2012 წელს გაცემულმა წინასაარჩევნო დაპირებამ, ავარიული სახლების რეაბილიტაციის შესახებ 12 წლის შემდეგაც ვერ მიაღწია შესრულებას და წელსაც, წინასაარჩევნოდ, დაპირების სახით განახლდა. Მმართველი პარტია მეორე შახტში ხალხს ისე ეუბნება რომ სახლებს დაანგრევენ, ახალს ააშენებენ, ხოლო მოსახლეობას დროებით ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ, კონკრეტულად როდის ? – ეს ისევ უცნობია.

ახლა, ანა მეფისაშვილის სახლში მივდივართ, რომელიც შახტის დასახლებაში საცხოვრებლად 12  წლის წინ გადავიდა, მისი საცხოვრებელი ბინა ერთ პატარა ოთახს მოიცავს. ოთახში ორი საწოლი, პატარა მაგიდები და შეშის ღუმელი დგას. უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ოჯახი გვეუბნება, რომ დაპირების მიუხედავად საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესებულა. დაზიანებულ შიდა სივრცეს თან ერთვის მონგრეული გარე ფასადი, დაზიანებული ერთადერთი ფანჯარა, საიდანაც ქარიც უბერავს და წვიმაც აღწევს. 

ეს ნინო თათოშვილის სახლია. მისი საცხოვრებელი სახლიც ავარიულ კორპუსში მდებარეობს, იგი ამ პირობებში 15 წელია. სახლში არ არის წყალი, არ არის საკანალიზაციო სისტემა ხოლო გათბობის საშუალება, მეზობლების მსგავსად შეშის ღუმელია. 

ხაჩატურ კუკურჩიანი ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობს, მაგრამ რამდენიმე წელში შვილიშვილის დაბრუნებას ელოდება, რომელიც ახლა უნივერსიტეტში სწავლობს. გვეუბნება, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, მიუხედავად იმისა, რომ კუკურჩიანი ავარიულ შენობაში ცხოვრობს არ იღებს სოციალურ შემწეობას. 

მეორე შახტში, დაპირებებით გამაგრებული კორპუსების შესახებ გასულ წელსაც მოგიყევით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მერიას წერილობითაც მიმართა, საკითხით დაინტერესდა სახალხო დამცველი და სამცხის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი. მეორე შახტში მცხოვრებმა ზაზა მერაბიშვილმა, მერიას განცხადებითაც მიმართა იმის გასაგებად თუ კონკრეტულად რა გეგმა არსებობდა ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. 

მერიიდან მიღებულ პასუხს ჩვენც გავეცანით, რომელიც შემდეგია: 

ლუკა: “შენობა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და გასულია ექსპლუატაციის ვადები. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნულ შენობაში მცხოვრები ოჯახების ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა. Ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას“

რა კონკრეტული გეგმა არსებობს, შახტში მცხოვრებლების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, კონკრეტულად როდის აპირებენ სახლების დანგრევას და ახლის აშენებას? – მერიაში გვეუბნებიან, რომ მუშაობენ, ხოლო დეტალებზე არ საუბრობენ. 

მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს, სთავაზობენ დროებით ალტერნატიულ ბინას, რომლის ქირასაც მუნიციპალიტეტი გადაუხდის. რამდენი ხანი მოუწევთ ქირით ცხოვრება ? – უცნობია. 

სამცხის დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა შახტში არსებული ვითარების შესახებ შეკითხვა ,გასული წლის ნოემბერში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინფრასტრუქტურის მინისტრს, გიორგი ქარსელაძეს დაუსვა. თუმცა მინისტრმა დეპუტატს საჯაროდ არ უპასუხა. 

როგორც მაშინ დეპუტატმა გვითხრა, ქარსელაძემ საჯაროდ არა, თუმცა პირად საუბრებში დაუზუსტა, რომ საჭირო იყო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაინიცირება, რომელსაც შემდგომ განიხილავდნენ. 

რამდენად მოხდა საკითხის დაინიცირება და რამდენად არის ჩართული პრობლემის მოგვარებაში მილიონერი დეპუტატი, რომელმაც საქართველოში რუსული კანონის მიღებას მხარი  არაერთგზის დაუჭირა – ანტონ ობოლაშვილთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.