ხაშურში 2 ადამიანი მოკლეს, დაკავებულია 1 – შსს

June 14, 2026

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს,-ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული ადიგენის მუნიციპალიტეტიდან არის.

შსს-ს ინფორმაციით,ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

ამავე წყაროს ცნობით, ქალაქ ხაშურში, წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, დაპირისპირება ქვიშა-ხრეშის კარიერს უკავშირდება. გამოცემის ცნობით, მოკლულები შპს „ბილტმორის“ წარმომადგენლები არიან.

როგორც „ქართლის ამბები“ ადვოკატ ირინა ფერაძეზე დაყრდნობით წერს, იგი კარიერთან დაკავშირებული დავის გამო სამართალდამცავების რეაგირებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

ჩვენ დავუკავშირდით შპს „ბილტმორს“. კომპანიაში გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ და დეტალების დაზუსტებას ცდილობდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.