ახალციხეში, ყაზბეგის ქუჩაზე, დაზიანებული მილხიდის მოწყობა, რომელსაც მოსახლეობა 10 წელზე მეტია ითხოვს, სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
როგორც სატენდერო დოკუმენტში ვკითხულობთ, ახალციხის მერიამ, სხვადასხვა დროს “ქართული ოცნების” და “ენმ”-ს შემწირველ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, მილხიდი 17 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, მილხიდის მიმდებარედ ინტერნეტ პროვაიდერების კაბელებია, რომელიც უნდა გადაიტანონ, რის შემდეგაც სამუშაოებს დაიწყებენ.
მათივე ინფორმაციით, უკვე მიმართეს პროვაიდერებს კომუნიკაციების გადაადგილების მოთხოვნით. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ისევ შეიცვალოს ხელშეკრულების ვადები გვპასუხობენ: “არ ვიცი, პროექტი გაკეთებულია და უკვე მალე უნდა განხორციელდეს.”
საკომუნიკაციო ქსელების გადატანას ასახელებს გაჭიანურებული სამუშაოების მიზეზად ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილიც.
რატომ ვერ გაითვალისწინეს პროექტის შედგენისას ზემოთაღნიშნული საკითხი? მერი გვეუბნება: “ხდება ისე, რომ გარკვეული კომუნიკაციებს არ აქვთ დატანილი ნახაზები, არ არის ხაზოვანი ნაგებობა გაკეთებული”
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი რედაქცია აღნიშნული მილხიდის პრობლემის შესახებ 2021 წლიდან წერს, ხოლო ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას 10 წელზე მეტია ითხოვენ.
ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.
ამავე თემაზე:
რაბათში ყაზბეგის ქუჩაზე მილხიდის მოწყობამ კიდევ გადაიწია
როდესაც ყველამ იცის და მაინც არ კეთდება – ინფრასტრუქტურული პრობლემები ახალციხეში