რაბათში ყაზბეგის ქუჩაზე მილხიდის მოწყობამ კიდევ გადაიწია

February 13, 2023

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში ყაზბეგის ქუჩაზე მილხიდის მოწყობამ, რომელსაც უკვე წლებია ადგილობრივები ითხოვენ, კიდევ გადაიწია – ახალციხის მერიის ტენდერი არ შედგა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროცესის შეწყვეტის მიზეზი სახარჯთაღრიცხვო ხარვეზებია. კერძოდ: გეგმა-გრაფიკში და მოცულობათა უწყისში ხრეშის დაგების და დემონტაჟის სამუშაოების მოცულობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის.

ასევე, “უზუსტობაა ჰიდროიზოლაციის” პუნქტშიც.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტენდერი 430 ათასზე მეტ ლარზე იყო გამოცხადებული, რომელშიც მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს “გაბიონი 2000”-მა მიიღო და სამუშაოებისთვის მერიას 420 ათას ლარამდე შესთავაზა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი საპროექტო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გახდა.

რატომ გახდა საჭირო საპროექტო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა, რამდენი ათასი ლარი დაუჯდა უწყებას პროექტის ყიდვა და საჭიროებს თუ არა დამატებით ფინანსებს ცვლილებები? – მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.

რაც შეეხება მილხიდის მოწყობის სამუშაოებს, მერიამ ხელახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა, იმავე თანხით და იმავე პირობებით.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი რედაქცია 2021 წლიდან აღნიშნული მილხიდის პრობლემის შესახებ წერს, ხოლო ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას 10 წელზე მეტია ითხოვენ.