წალკის LAG-ი – ადგილობრივი თემის განვითარების ინიციატივები და კვლევაზე დაფუძნებული მოქმედებები

October 24, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

წალკის მუნიციპალიტეტში სასმელი წყალი დაბინძურებულია. ამასთან,  არ არსებობს ადეკვატური მონიტორინგის მექანიზმები, – ვკითხულობთ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის კვლევაში, რომელშიც ასევე საუბარია საკანალიზაციო სისტემის არარსებობის და დაბინძურებული მდინარეების და ნიადაგის შესახებ.

ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ახალი პროექტი დაიწყო, სახელწოდებით “ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა წალკის მუნიციპალიტეტში“.
ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, საბავშვო ბაღებში და ამბულატორიაში  სასმელი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის საკითხის შესწავლას, რეკომენდაციების დოკუმენტის შემუშავებას და ადვოკატირების კამპანიას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფები, პროექტის განმახორციელებლებმა წყლის და საკანალიზაციო რესურსებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები შეისწავლეს. აქტივობების საფუძველზე მომზადდა კვლევა, რომელიც პრობლემების მოგვარების გზებსაც ასახავს.

მაგალითად: კვლევის მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 6 697 ოჯახიდან 24 საათიანი წყალმომარაგება 5 305 -ს აქვს. სასმელი წყლის ხარისხი, უსაფრთხოება და უვნებლობა კი –  დადასტურებული არ არის.

„რას ვსვამთ“ – სასმელი წყლის ხარისხი, მიწოდება და ხარვეზები წალკის მუნიციპალიტეტში

ამავე კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია წყალგამწმენდი სისტემები და წყლის გაწმენდის საშუალებები. არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების არც ერთი სრულფასოვანი გამწმენდი სისტემა.

რა ეტაპზეა საკანალიზაციო სისტემა წალკის მუნიციპალიტეტში – LAG-ის კვლევა

წალკის LAG-ის წარმომადგენლებმა კვლევაში ასახული შედეგები და რეკომენდაციები წალკის მერიის და საკრებულოს, გაერთიანებული წყალმომარაგების ორგანიზაციის, ადგილობრივი ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო სკოლების, ბაღების  და ამბულატორიების წარმომადგენლებს გააცნეს.

როგორც LAG-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ენდრიკ სტეფანიანი გვეუბნება, წყლის რესურსების მართვასა და სააუზო მართვაში არსებული პრობლემები დამახასიათებელია სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც. შესაბამისად, კვლევით გამოვლენილი გამოწვევების და გადაჭრის გზების განვრცობა შესაძლებელია სხვა მუნიციპალიტეტებზეც.

პროექტი ასევე მოიცავს მეორე მნიშვნელოვან კომპონენტს, წალკის LAG-ის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას, საკონსულტაციო სერვისების დანერგვის და თემატური ტრენინგების უზრუნველყოფის გზით.  დაახლოებით ერთი წლის განმვალობაში შემდეგი მიმართულებებით წარიმართება მუშაობა:

  • ბიზნეს მოდელის და განაცხადის ფორმების შემუშავება;
  • HACCP სერტიფიცირება;
  • ბუღალტრული და საგადასახადო პროცედურები;
  • მედია მენეჯმენტი.

როგორც ორგანიზატორები გვეუბნებიან, ზემოთაღნიშნული 4 მიმართულება მუნიციპალიტეტში დაინერგება როგორც სერვის პაკეტები.

პროექტს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი/LAG USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს. მისი აქტივობები 2024 წლის 31 იანვრამდეა გაწერილი.