ფრიად უარყოფითი (პოზიცია) – ზურაბ აბაშიძის კომენტარი აფხაზეთში რუსულ სამხედრო ხომალდებზე

October 24, 2023

რუსეთი შავი ზღვის ფლოტის გემების გადაყვანას, ოკუპირებული ყირიმიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი საუბრობს.

სკიბიცკის თქმით, ყირიმიდან საზღვაო ფლოტის გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: ციტატა: “უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული რიგი დარტყმებისა და სპეცოპერაციების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო საფრთხე იგრძნეს და საკუთარი ხომალდების ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს”. 

ნათელია, „ქართული ოცნების“ ჩაწოლისა და არ გაღიზიანების პოლიტიკა ვერ შეეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიას, –  „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგი წერეთელი პოზიცია ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. რამდენად აქვს “ქართულ ოცნებას” რუსეთის ამ გადაწყბეტილების შესახებ ინფორმაცია? კითხვით ჩვენ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდით, თუმცა აქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. 

“ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით – ფრიად უარყოფითი. უფრო დეტალურად სხვა დროს,” -ასე გვიპასუხა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, აფხაზეთში რუსული სამხედრო ხომალდების განთავსებაზე.

აქვე გეტყვით, რომ 5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.