რა იქნება გაშიშვლებულ კედლებს მიღმა? – მგფ ახალციხის II სკოლის კიდევ ერთ ექსპერტიზას აპირებს

November 10, 2025

რა მდგომარეობაშია ახალციხის მეორე საჯარო სკოლა — შენობას გაშიშვლება ელოდება, რათა საბოლოო ექსპერტიზა ჩატარდეს, – ამის შესახებ “მუნიციპალური განვითარების ფონდმა” ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად მოგვწერა. 

უწყება ვერ/არ გვეუბნება თუ კონკრეტულად როდის დაიწყება პროცესი, რომელსაც საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მესამე წელია ელოდებიან. 

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, პირველ ეტაპზე დაიწყოს სკოლის შენობის გაშიშვლების სამუშაოები, რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, სრულად შეისწავლონ მისი კონსტრუქცია და მომზადდეს დაზუსტებული დასკვნა.

წინარე ექსპერტიზის შედეგების მიხედვით:

„ქ. ახალციხის N2 საჯარო სკოლის სასწავლო შენობისა და სპორტული დარბაზის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებს ვერ შეესაბამება. შენობები საჭიროებენ სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას სათანადოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით. შენობების რეაბილიტაცია რენტაბელურია,“ — აღნიშნულია დასკვნაში.

გარდა ამისა, ექსპერტების შეფასებით, საქვაბე და სააქტო დარბაზის შენობები იმდენად დაზიანებულია, რომ მათი დემონტაჟია რეკომენდებული.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების და მასწავლებლების ნაწილს 23 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა მშობლების ნაწილმა გვითხრა, რომ სამწლიანი შეუსრულებელი დაპირებების ფონზე, ფონდის წარმომადგენლების აღარ სჯერათ. 

სამი წელი სკოლის რეაბილიტაციის მოლოდინში და კვლავ გაურკვეველი მომავალი

ახალციხის მეორე საჯარო სკოლა, 2023 წელს, რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე მესამე წელია, მოსწავლეები სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ. ამ დროის განმავლობაში, არაერთი შეხვედრის და არაერთი დაპირების მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია თუ როდის დაბრუნდებიან მოსწავლეები სკოლაში. 

ფოტოები: მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით, სხვადასხვა შინაარსის პოსტერები დაამზადეს და კედლებზე ჩამოკიდეს. 

ამავე თემაზე:

სჯა ახალციხის N2 სკოლის შესახებ

ახალციხეში, II სკოლის გვერდით ტერიტორიის 1 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცემა იგეგემება – მთავრობის დადგენილება