“ჯაყელის ბაღის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, არარენტაბელურობის გამო მიგვაჩნია გაუმართლებლად, საჭიროა არსებული შენობები ჩანაცვლდეს ახალი ნაგებობებით,” – ეს დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეკუთვნის, რომელიც ახალციხეში მდებარე, N4 ე.წ ჯაყელის ბაღის მდგრადობას ეხება.
ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, XX საუკუნის 40-იან წლებში აშენებული შენობა მთლიანად ამორტიზირებულია და ცალკეულ უბნებში დაწყებულია ეროზია.
შენობის არამდგრადობის გამო, მიდინარე წელს საბავშვო ბაღში სწავლა არ განახლებულა. ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის, მარინა მერაბიშვილის თქმით, აღსაზრდელთა ნაწილი მეშვიდე, ხოლო ნაწილი მესამე საბავშვო ბაღებში ივლის, ამავე დაწესებულებებში გადანაწილდა დასაქმებული პერსონალიც. მისივე თქმით, ბაღში 33 აღსაზრდელი რჩებოდა.
აქვე გეტყვით, რომ ბაღის დემონტაჟს და მის ადგილზე ახლის აშენებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო” უკვე 5 თვეა ითხოვს. შესაბამისი პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალციხის საკრებულოში შეიტანა, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ორჯერ განიხილეს და ვადის გაგრძელება მოითხოვეს, როგორც საკრებულოში გვითხრეს გადაწყვეტილების მისაღებად სამხარაულის დასკვნას ელოდებოდნენ. აპირებენ თუ არა მომავალ სხდომაზე საკითხის განხილვას? საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე გვეუბნება, რომ საკითხს განიხილავენ,სხდომა 28 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის N4 ე.წ ჯაყელის საბავშვო ბაღი თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის.