სარო-ნიჯგორი; განძანი-აბულის ციხე; კურცხანას ხეობა-ოქროს ციხე – რომელი ტურისტული ბილიკებია სამცხე-ჯავახეთში ხელმისაწვდომი კემპინგის მსურველთათვის და რომელი ღირსშესანიშნაობები უნდა მოინახულოს ტურისტმა თუ ადგილობრივმა აქ ყოფნისას? – აღნიშნულ თემატიკაზე უკვე შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მისცემს ინფორმაცია მარტივად მიიღოს.
იდეა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელმაც ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა.
ორგანიზაციის დირექტორის, დავით მუმლაძეს თქმით, სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობამ კოვიდპანდემიის რეგულაციების შემცირების შემდეგ 40-50 %-ით იმატა.
ანგარიშის მიხედვით, ტურისტულმა ორგანიზაციამ სამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, ასევე 6 საინფორმაციო ტური გამართა, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნების ბლოგერებისთვის.
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური ააიპია, რომელიც ახალციხის მერიისგან ყოველწლიურად 15 000 ლარს იღებს.