„რას ვსვამთ“ – სასმელი წყლის ხარისხი, მიწოდება და ხარვეზები წალკის მუნიციპალიტეტში

September 18, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

წალკის მუნიციპალიტეტში 6 697 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან 24 საათის განმავლობაში სასმელი წყალი 5 305 ოჯახს მიეწოდება, 1 062 ოჯახს გრაფიკით, ხოლო 330 – სასმელი წყლით, სახლიდან მოშორებით  განლაგებული წყაროებიდან ან საუბნო ონკანებიდან სარგებლობს, – ვკითხულობთ, „წალკის განვითარების ჯგუფის – LAG“-ის კვლევაში.

კვლევა, რომელშიც წალკაში არსებული წყლის რესურსების, მათი ათვისება-გამოყენების და ხარვეზების შესახებაა საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციამ USAID-ის მხარდაჭერით პროექტის, „ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა წალკის მუნიციპალიტეტში“ მიმდინარე წელს მოამზადა.
მიზანი წალკის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობაა.

კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემები მოწყობილია ქალაქ წალკაში, 3 დაბასა და 40 სოფელში, სადაც წყლის რესურსები წარმოდგენილია მიწისქვეშა და ზედაპირული წყლებით.

ერთ-ერთი წყალშემკრები, რომლის საშუალებითაც წალკის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, ასევე, ბორჯომს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება ხრამი-დებედას მდინარეთა აუზია, რომლის ფართობი 5 186 მ2-ია.

სასმელი წყლის ხარისხი

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, წალკის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის უსაფრთხოება და უვნებლობა დადასტურებული არ არის. ამასთან, კვლევის მიხედვით, წყლის ვარგისიანობის შემოწმება, ლაბორატორიული გზით ხდება ერთჯერადად, მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალ ჭაბურღილს ან სათავე ნაგებობას აწყობენ.

„მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული კანონმდებლობით და ევრორეგულაციებით განსაზღვრულ ქიმიურ, ბიოლოგიურ და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების მოთხოვნებს,“ – ნათქვამია კვლევაში.

სასმელი წყლის ხარისხი სკოლებსა და ბაღებში

წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებს და საბავშვო ბაღებს სასმელი წყალი მიეწოდებათ საერთო გამანაწილებელი ქსელიდან, შესაბამისად, წყლის ხარისხი შეესაბამება მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას.

„სკოლებში უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილი არ არის სასმელი წყლის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი. რაც უმეტესწილად გამოწვეულია წყალმომარაგების და წყალარინების გარე და შიდა ქსელების გაუმართაობით, შეზღუდული ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობებით.“

კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და მიგნებები

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილს წყალი მიეწოდება, არსებობს მისი დაბინძურების რისკები, რაც გამოწვეულია დაძველებული ინფრასტრუქტურით, წყლის სათანადო გამწმენდი სისტემების არარსებობით და სასმელი წყლის სტანდარტებთან შეუსაბამობით.

ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ წყლის ხარისხის და მიწოდების პოტენციური პრობლემა, მოსახლეობის მიერ არალიცენზირებული წყალმომარაგების სისტემების დამონტაჟებაა. 

„წალკის მუნიციპალიტეტის მიწისქვეშა წყლების რესურსები, განსაკუთრებით დაშბაშის წყაროები, ხელსაყრელი გეომორფოლოგიური პირობების გამო გამოირჩევა მაღალი ხარისხით და სტაბილური მახასიათებლებით, რითაც ასევე  წარმოადგენენ სასმელი დანიშნულების წყალმომარაგების პერსპექტიულ რესურსს,“ – ნათქვამია კვლევაში.

როგორ მართავს წალკის მუნიციპალიტეტი სასმელი წყლის სისტემას, რა სიხშირით მოწმდება წყლის ვარგისიანობა და არსებული წყალშემკრებების გაწმენდა? როდის იგეგმება დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წალკის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჯარო წესით გამოვითხოვეთ. მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

წალკის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემის შესახებ ჩვენი რედაქცია წლებია მუშაობს, მათ შორის, სიუჟეტის მომზადების შემდეგ, წალკის სოფელ არ-სარვანში მერიამ წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროცესი გასული წლის ნოემბერში დაიწყო და სამუშაოებისთვის 700 ათასამდე ლარი გამოიყო. 

როგორც სოფლის რწმუნებული, აკიფ აშრალოვი გვეუბნება სამუშაოები, მიმდინარე წლის მაისში დასრულდა და სასმელი წყალი, 85 ოჯახს უკვე მიეწოდება. მანამდე მოსახლეობა წყალს ბოთლებით იმარაგებდა, ხოლო ზამთრის პერიოდში, სოფელში მცხოვრები ქალები წყალს წყაროდან, ე.წ “ჩექქილით” ეზიდებოდნენ

ასევე , წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აქტიურობით და წალკის მერიასთან თანამშრომლობით, სოფელ ოზნიში არსებული სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა. პროგრამის  ფარგლებში, დაიქსელა წყლის სისტემა და მოეწყო წყლის ჭაბურღილები, აღნიშნულისთვის თანხის ნაწილი, ენპარდის პროგრამის ფარგლებში გამოიყო, ნაწილი კი მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა.