ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული N2 საბავშვო ბაღის დანგრევა და მის ნაცვლად 150 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულების აშენება იგეგმება, რომლისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდი, 3 800 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ბაღი 6 ჯგუფზე იქნება გათვლილი და კომპანია, რომელიც შესყიდვას მიიღებს, დაახლოებით 4 თვის ვადაში უნდა მოაწყოს ოთახები, გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი, საშხაპე და ა.შ.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღი უკვე წლებია არ გაურემონტებიათ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს რეკომენდაცია კი მისი დანგრევა და ახლის აშენება იყო.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ასევე ავარიულია და დემონტაჟს საჭიროებს XX საუკუნის 40-იან წლებში აშენებული ე.წ ჯაყელის ბაღიც, რომლის ავარიულობის შესახებ გადაწყვეტილება უწყებამ იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე N2 ბაღის.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში გვეუბნებიან, სარეაბილიტაციო ბაღების სიას მუნიციპალიტეტი აწვდით. რატომ ვერ მოხვდა ჯაყელის ბაღი პრიორიტეტებში? – ახალციხის მერიის ინფორმაციით, ჯაყელის ბაღს ადგილობრივი ბიუჯეტით, მიმდინარე წელს გააკეთებენ.