მარდის დასახლებაში მდებარე ეკლესიიდან, სომხური სამოციქულო და მართლმადიდებლური ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები გაიტანეს და ნაგვის ურნასთან დაყარეს, – გვეუბნება, სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი, ბერი ჰაკობ სააკიანი.
როგორც იგი ჩვენს რედაქციას უყვება, შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მისივე თქმით, მოქალაქეებმა ხატები ეკლესიაში დააბრუნეს.
ამ დრომდე უცნობია თუ რა მიზნით გაიტანეს ეკლესიიდან ხატები. ეკლესიის გვერდით მცხოვრები მოქალაქე ჩვენს რედაქციასთან ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც არაფერი შეუმჩნევია.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, რომელიც მომხდარს იკვლევს. დაიწყო თუ არა გამოძიება და რომელი მუცლით? – შსს-დან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ასევე, უწყებასთან ვცდილობთ დავაზუსტოთ არის თუ არა მიმდებარედ სამეთვალყურეო კამერები, რომლებსაც შესაძლოა ქმედება დაეფიქსირებინა.
აქვს თუ არა ინფორმაცია მართლმადიდებლურ ეკლესიას მომხდარის შესახებ? – ჩვენი რედაქცია ცდილობს ახალციხის ეპარქიის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძესთან დაკავშირებას.
ეკლესია, საიდანაც ხატები გაიტანეს სადავოა. სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი ამბობს, რომ ისტორიულად ეკლესია მათ ეკუთვნის, იგივეს ამტკიცებს მართლმადიდებლური მხარე. ამიტომ ეკლესიაში ათობით წელია, არცერთი კონფესია წირვას აღარ ატარებს.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.