ბორჯომის მუნიციპალიტეტი საახალწლო ღონისძიებისთვის 80 000-ზე მეტ ლარს დახარჯავს, – ამის შესახებ ინფორმაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საახალწლო სცენის, ბანერების და გარე სივრცის მოწყობა; დაიქირავოს წამყვანი და ფოტო/ვიდეო გადამღები; მოიწვიოს თოვლის პაპა, ელფები, ფერიები, გრინჩი და სხვა ანიმატორები და მოაწყოს სხვადასხვა საახალწლო ინსტალაციები.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ბორჯომის მერია საახალწლოდ გეგმავს გამოჩენილი მოქალაქეების დაჯილდოვებას 5 000 ლარით.
მერია ზემოთაღნიშნული სამუშაოებითვის თავდაპირველად 100 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავდა, კონკურსში მონაწილეობა სამმა პრეტენდენტმა მიიღო, რომელთაგან ყველაზე დაბალი, 82 540 ლარი შპს “ბრავომ” შესთავაზა და ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდა.