“სიყვარულს ვერ დაამარცხებ” – ეს სლოგანია წლევანდელი პრაიდ კვირეულის თემატიკა. LGBTQ+ თემის წარმომადგენლებისთვის და მხარდამჭერებისთვის ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმდინარეობდა.
დღეს დაგეგმილია კვირეულის დასკვნითი ღონისძება, რის გასაპროტესტებლადაც, ულტრა მემარჯვენე, სხვადასხვა შეფასებით პრორუსული და დეზინფორმაციის გამავრცელებელი “ალტ-ინფოს” ორგანიზებით კონტრაქცია იმართება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, აქციაზე იმყოფებიან სასულიერო პირებიც.
საქართველოს საპატრიარქოში საკანონმდებლო დონეზე საკითხის დარეგულირებაზე საუბრობენ.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით “დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.”
“საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდ ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.”
განცხადება გაავრცელა შსს-მაც. უწყების ცნობით, ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით “პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.”
აქვე გეტყვით, რომ 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, რა დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა და შემდგომში TV პირველის ოპერატორი გარდაიცვალა, თბილისი პრაიდის წარმომადგენლებმა “პრაიდის კვირეულის” დახურულ სივრცეში ჩატარება გადაწყვიტეს.