“This site can’t be reached” – რას ვნახავთ ასპინძის და ახალქალაქის ვებ-გვერდზე
რატომ არის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტს ჰქონდეს გამართული და ფუნქციური ვებ-გვერდი – ნახეთ სიუჟეტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე, წესით მოსახლეობისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული, მათ შორის წლის ბიუჯეტი, სოციალური პროგრამები, პეტიციები, საკრებულოს სხდომის ოქმები, მერიებში და საკრებულოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაცია, თუმცა როგორც ხედავთ საიტი არ მუშაობს.
სპეციალისტების შეფასებით, იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები საერთოდ არ, ან შეფერხებით მუშაობს ქმნის ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და გამჭვირვალობის პრობლემას. ასევე, მოსახლეობა მოკლებულია იმ საჯარო ინფორმაციას, რაც მუნიციპალიტეტში ხდება.
რატომ არ მუშაობს ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდი და გეგმავენ თუ არა საიტის შექმნას? – კითხვებით ასპინძის მერს, როსტომ მაგრაქველიძეს დავუკავშირდით. როგორც მერმა გვითხრა, საიტის უფუნქციობასა და მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობას შორის კავშირს ვერ ხედავს. მისივე თქმით, მიმდინარეობს საიტის შექმნაზე მუშაობა.
იმის გამო, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტს ვებ გვერდი არ უმუშავებს, მოხვდა ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე მუნიციპალიტეტების სიაში. IDFI-ს 2023 წლის კვლევის მიხედვით, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე დაბალი, ნულოვანი მაჩვენებელი ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტი არ არის ერთადერთი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელსაც ვებ-გვერდი არ აქვს. იგივე მდგომარეობაშია ახალქალაქის მუნიციპალიტეტიც.
გეგმავენ თუ არა და როდის ვებ-გვერდის ამუშავებას? – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ საკითხს მოიკითხავენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტს ჰქონდეს გამართული და ფუნქციური ვებ-გვერდი, რა ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი მისგან და რა ხდება მაშინ, როდესაც ვებ-გვერდი არ მუშაობს? – გვესაუბრება თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორი, არჩილ თოდუა.
ახალქალაქის და ასპინძის გარდა, სამცხე-ჯავახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში: ახალციხეში, ადიგენში, ნინოწმინდაში და ბორჯომში ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია, თუმცა მასზე განთავსებული ინფორმაცია – ნაწილობრივ.