„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ – როგორც ჯანდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.
“ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“ – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელჩმა საქართველოს მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მან ვაქცინის შემოტანაზე გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე საქართველო მხოლოდ „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ვაქცინების შემოტანას განიხილავს.
გაბუნიას განმარტების პარალელურად თენგიზ ცერცვაძე ამბობდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანაზეც მსჯელობდნენ. მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს და “ხელწამოსაკრავი” არ არის.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობდა იმასაც რომ, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან მისი განმარტებით, აღნიშნული ვაქცინები -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს შენახული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელია.
კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელ ვაქცინაზე მიუწვდება ხელი საქართველოს, დამოკიდებულია იმაზეც თუ რომელ მათგანს შეისყიდის კოვაქსის პლატფორმა.
საქართველო ვაქცინების შესაძენად 17 მილიონამდე დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი. ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, თანხის ნაწილი 4 მილიონი დოლარი საქართველოს წინასწარ აქვს გადახდილი.