მესხური ტენილი ყველი – სარგებლიანი ტრადიცია

August 17, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

®

უცნობია პირველად ვინ მოიფიქრა ჩეჩილი ყველის და ნაღების ერთმანეთში გადარევა, შემდეგ,მიღებული ნაერთის შესანახად, მისი თიხის ჭურჭელში ჩატენა, თუმცა ის კი ბევრისთვის ცნობილია, რომ ტენილი ყველის დამზადების ტრადიცია მესხეთიდან მოდის.

 ადგილობრივები იხსენებენ: “ტენილი ყველი განსაკუთრებული სტუმრებისთვის იყო, როცა ვინმე მოვიდოდა საგულდაგულოდ შენახულ თიხის ჭურჭელს თავს მოვხსნიდით და ყველს სტუმარს მივართმევდიოთო.”

გალინა ინასარიძე – ტენილი ყველი ოსტატი ანდრიაწმინდადან

გალინა ინასარიძე

სამცხე-ჯავახეთში, ტენილი ყველის ორი საწარმო ფუნქციონირებს ერთი ახალციხის მუნიციპალიტეტშია, ხოლო მეორე – ასპინძაში. ტენილი ყველის დამზადების ტრადიციული მეთოდები წინაპრებიდან შთამომავლობით გადაეცა გალინა ინასარიძეს, რომელიც ახალციხის სოფელ ანდრიაწმინდაში პროდუქციას უკვე 20 წელზე მეტია ამზადებს. 

“დედაჩემი ამზადებდა ტენილ ყველს, რომ გავთხოვდი  ჩემი დედამთილიც. თავიდან ცხვრის რძით, მცირე რაოდენობას, განსაკუთრებული დღეებისთვის. ახლა კი ბიზნესი გვაქვს,”– გვეუბნება გალინა ინასარიძე.

“70 გრადუსზე უნდა იყოს რძე ცხელი. თუ არ დამწიფდა ყველი, ისე ტენილი არ მოვა ყველს როცა იმერულ სტილში ამოიყვან, მერე უნდა დამწიფდეს. ზამთარში შეიძლება სამი დღეც დაჭირდეს პროცესს.”

რატომ ჩატენეს თიხის ქოთნებში ყველი და რამდენი ხანი ინახება ასეთ მდგომარეობაში? 

ფოტო: მზიანეთი

ისტორიას გვიყვება ალუდა ჯვარიძე, რომელიც ასპინძის სოფელ ჭობარეთში “ტენილ ყველს” ათობით წელია ამზადებს. იგი იმ ტექნოლოგიების ისტორიის შესახებ გვიყვება, რომელიც ყველის დასამწიფებლადაა აუცილებელი. 

“თავდაპირველად ყველს როცა გაწელავდნენ და წვრილ ძაფებად აქცევდნენ, მშრალად ინახავდნენ. როცა საბრძოლოდ ან სამუშაოდ წავიდოდნენ მიჰქონდათ, შემდგომ წყალში ასველებდნენ და ჭამდნენ. დროთა განმავლობაში კი წყალი ნაღებით შეცვალეს და ახლა ქოთნებში მზა მასა იტენება, ძალიან მჭიდროდ, შემდეგ კი სუფთა ნაცარზე ვამხობთ ქილებს, რათა შიგნით არსებული წვენი ბოლომდე გამოვიდეს. ასეთ მდგომარეობაში კი იგი რამდენიმე თვე ძლებს. ქოთნებშიც იმიტომ ვინახავთ, რომ არ გაფუჭდეს.”

უცხოელები ხშირად აღნიშნავენ, რომ ასეთი ყველი არსად გაუსინჯავთ – მომხმარებლების შეფასებები

ალუდა ჯვარიძე, ტენილ ყველს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში აბარებს. როგორც მაღაზიის დირექტორი, ია ხოჯავა გვეუბნება ჯვარიძეების ოჯახთან 2016 წლიდან თანამშრომლობს, მათ მაღაზიაში განთავსებული ყველი კი დიდ ინტერესს იწვევს როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივებში. აქ ტენილი ყველის 350 გრამიანი ქილის შეძენა 20-25 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. 

“უცხოელები ხშირად აღნიშნავენ, რომ ასეთი ყველი სხვა ქვეყანაში არსად გაუსინჯავთ, ამიტომ მათი მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალია. წლებია ვთანამშრომლობთ ჯვარიძეების ოჯახთან და ხშირად ვიბარებთ მათგან პროდუქციას, მოთხოვნა დიდია.”

ტურისტებს რომ მესხური ტენილი ყველი ძალიან მოსწონთ, ამაზე ანდრიაწმინდელი გალინა ინასარიძის გეგმებიც მეტყველებს. ოჯახი სასტუმროს აშენებს, სადაც სტუმრებისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი აქტივობა სწორედ ტენილი ყველის დამზადების პროცესში მონაწილეობა იქნება.

“ჩვენ ახლა სასტუმროსაც კი ვაშენებთ, რადგან აქ ჩამოსული ტურისტი ჩვენთანვე დარჩეს და ტენილი ყველის მომზადების წესიც ისწავლოს. რამდენიმე წლის წინ უცხოელი სტუმრები გვყავდა, ისწავლეს ყველის მომზადების ტექნოლოგია და ძალიან მოეწონათ,” – გალინა ინასარიძე.

ტენილი ყველი ქართულ ბაზარზე ცოტა რაოდენობის არსებობს, მისი დამზადების წესის და რესურსის გამო. ტენილი ყველისთვის გამოყენებული ცხიმიანი რძის გადამუშავებით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე სახეობის პროდუქტის მიღება: ჩეჩილი ყველი, ნაღები (არაჟანი), კარაქი, ერბო და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი გმირების თქმით,  ბევრი უპირატესობას, ტენილის ნაცვლად, რძის ამ დანიშნულებით გამოყენებას ანიჭებს. როგორც ალუდა ჯვარიძე გვეუბნება პანდემიამდე ისინი წლიურად საშუალოდ 70 ათას ლარს გამოიმუშავებდნენ, ახლა კი პროდუქციის მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა.

“ახლა დღეში საშუალოდ 10 კილოგრამ ყველს ვამზადებთ, რადგან მოთხოვნა მაღალი არ არის.”

რა რაოდენობის ტენილი ყველი მზადდება და იყიდება საქართველოში წლიურად, ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

საქართველოს ბანკის შეთავაზება ფერმერებს

ტენილი ყველის მწარმოებლებს და აგრობიზნესის სხვა მიმართულებებში ჩართულ თუ დამწყებ მეწარმეებს “საქართველოს ბანკი” აგროსესხებს მოქნილი საშეღავათო პერიოდით და დაფარვის გრაფიკით სთავაზობს. 

„აგრობიზნესის გასავითარებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საჭირო რესურსებზე წვდომაა, იქნება ეს მანქანა-დანადგარები, საწარმოო ხაზები და მოწყობილობები თუ სხვ. საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით აგროსექტორის სამომავლო განვითარებას. შეღავათიანი აგრო-კრედიტი ერთ-ერთია იმ მრავალი პროდუქტიდან, რომელსაც ბანკი მომხმარებელს მათი საჭიროებების გათვალისწინებით, საქმიანობის გასავითარებლად სთავაზობს. დაფარვის მოქნილი გრაფიკი და ინდივიდუალური საშეღავათო პერიოდი, რომელიც აგროციკლზეა მორგებული მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეურნეობის გაფართოებასა და წარმოების ზრდაში. ჩვენი მიზანია ამ და სხვა პროდუქტებით მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ საჭირო რესურსებზე წვდომა,” – აცხადებს მერაბ ახვლედიანი, საქართველს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.