ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის სოფელ კლდეში მცხოვრები, დავით ცერცვაძე გვეუბნება, რომ იგი უკვე მეორე თვეა ახალციხეში, ექიმის მიერ დანიშნული ფსიქოტროპული წამლების შეძენას ვერ ახერხებს. აღნიშნული კატეგორიის მედიკამენტების ყიდვა შეუძლებელია რეგიონის მასშტაბით ყველა აფთიაქში.
ამ პრობლემის დეტალებზე ჩვენი რედაქცია გასულ თვეშიც მუშაობდა: ახალციხეში მცხოვრებლები ექიმების მიერ დანიშნულ ფსიქოტროპულ წამლებს ვერ იღებენ. მაშინ გავარკვიეთ, რომ მიზეზი კვალიფიციური ლიცენზირებული კადრის არყოლაა. ერთადერთ აფთიაქში, სადაც ფსიქოტროპულ წამლებს გასცემდნენ ლიცენზირებული ფარმაცევტი ამ დრომდე არ ჰყავთ.
მაშინ აფთიაქში, სადაც აღნიშნული წამლები გაიცემა გვითხრეს, რომ ფარმაცევტს ლიცენზია შეუჩერდა და წამლებს მანამ ვერ გასცემენ, სანამ სპეციალისტს არ აიყვანენ. ხელახალი გადამოწმების შედეგად სააფთიაქო ქსელში გვითხრეს, რომ პრობლემა ერთი თვის თავზეც მოუგვარებელია.
რეგიონის მასშტაბით ამ კატეგორიის მედიკამენტები 500-ზე მეტ პირს სჭირდება. პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჩვენ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ.